ფინანსები
15/01/2021

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. დღეიდან, პენსიისა და სოციალური სარგოს მიმღები პირები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით. ჩვენ ვითვალისწინებთ ვირუსის გამო შეზღუდულ მობილობას და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებული და ადაპტირებული დისტანციური სერვისები შევთავაზოთ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციური და თვითმომსახურების სერვისები. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში დაინერგა ტერმინალიდან თანხის გამოტანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.