"შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი" - მთავრობა EBRD-ისგან €40 მლნ-ის სესხს იღებს
"შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტის" განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა EBRD-სგან 40 მლნ ევროს სესხს იღებს. ამას ემატება 10 მლნ ევრო გრანტი.
პარლამენტი მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას" განიხილავს.
ფინანსთა სამინისტრომ „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტის“ დაფინანსების მიზნით კონსულტაციები გამართა, როგორც EBRD-თან, ისე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW).
EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 18 მარტს.
დოკუმენტის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების ენერგეოეფექტურობის განახლება/მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას და მასთან დაკავშირებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაფინანსებას ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი განხორციელდება EBRD-ის, KfW-ის და მთავრობის თანადაფინანსებით, საიდანაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს ფინანსურ რესურსს 40 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით და 10 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსებას გრანტის სახით. ხოლო, KfW-ის მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 40 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით და 12.5 მლნ ევროდ ოდენობით დაფინანსება გრანტის სახით.
პროექტის განმახორციელებელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის დასრულების თარიღია 2027 წლის 31 იანვარი.