ფინანსები
19/10/2023

"სესხის ვადიანობის გახანგრძლივების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთზე რაიმე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის"

საქართველოს ეროვნული ბანკი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, მსესხებლებს შესაძლებლობა ექნებათ იმავე შემოსავლებით, დაახლოებით 20%-ით მეტი მოცულობის სესხი აიღონ, ვიდრე 3 წლიანი ლიმიტის შემთხვევაში მოახერხებდნენ.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილი სესხების ზრდა 5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და თუ დღეისათვის 5-დან 10%-მდე მერყეობს, ცვლილებების შედეგად სამომავლოდ მისი ზრდა 10-დან 15%-მდე მოხდება.

"ვადიანობის გახანგრძლევების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთზე რაიმე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება სავალუტო სესხების ცვლილებას, რომლის ზედა ზღვარიც 200 000 ლარის ნაცვლად 300 000 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს.

პირველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენციის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში სესხები აქტიურად გაიცემა, რომელიც ძირითადად იპოთეკური სესხებია, რაც ცვალებად განაკვეთიანია ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, რის შემდეგაც, ვალის ტვირთი მსესხებლებს დაუმძიმდათ. ასევე ვხედავთ, რეგიონში ვალუტის მერყეობას, რის განმაპირობებელიც მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციებია, ამას კი საპროცენტო განაკვეთზე  მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენი მიზანი კი, მოსახლეობის სავალუტო რისკებისაგან დაცვა იყო.

მეორე მიზეზის შემთხვევაში კი, ფინანსური სექტორის დედოლარიზაციაა. ეს კი მაკროეკონომიკურ რისკებს ამცირებს და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ზრდის.  

აღნიშნული ცვლილება ის ისტორიული ღონისძიება იყო, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ ხოლმე,"-აცხადებს უტიაშვილი.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, სავალუტო სესხების ზედა ზღვრის ცვლილება სამომავლოდაც მოსალოდნელია. ამის მიზეზი კი ეკონომიკის ზრდა, გაზრდილი ხელფასები და უძრავ ქონებაზე მომატებული ფასებია.

შეგახსებეთ, გუშინ, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 3 წლიდან 4 წლამდე ზრდის.

Businesspartner