"სესხების ვადიანობის 4 წლამდე გაზრდას, ეკონომიკაზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია"
"არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 3 წლიდან 4 წლამდე გაზრდა, სესხებზე მოთხოვნას დაახლოებით 3%-მდე გაზრდის და ეკონომიკურ ზრდაზე არსებითი გავლენა არ ექნება,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" - Kudos Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ განუცხადა.
რაც შეეხება სავალუტო სესხების ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც ზედა ზღვარი 200 000 ლარის ნაცვლად 300 000 ლარამდე გაიზარდა, ჟვანიას ცნობით, ამის მიზეზი ეროვნული ბანკის დედოლარიზაციის პოლიტიკაა, რომლის ფარგლებშიც ზედა ზღვრის ზრდას გეგმაზომიერად აგრძელებს.
"როგორც თავად ეროვნული ბანკი ფიქრობს, გაზრდილი შემოსავლებისა და გაზრდილი უძრავი ქონების ღირებულების კვალობაზე, მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ სეგმენტს ჩაუკეტა რისკიანი სესხის აღების შესაძლებლობა. მსესხებლებს მხოლოდ იმ ვალუტაში შეუძლიათ სესხის აღება, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
დედოლარიზაციის ნაწილში კი ამ გადაწყვეტილებას არამგონია დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლოს. თავად ზღვარი, რომელიც 300 000 ლარია ისეთი მაჩვენებელია, რომლის იქითაც უკვე მსხვილ სესხებზე შეგვიძლია ვისაუბროთ და დეპოზიტების კუთხითაც ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.
რაც შეეხება ვალუტაში აღებული სესხების მიმდინარე მაჩვენებელს, აქაც არსებითი გავლენა არ იქნება. უბრალოდ, სისტემას უფრო სამართლიანს გახდის,"-განაცხადა ჟვანიამ.
როგორც Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი განმარტავს, ეროვნული ბანკის 4 ძირითად რისკს შორის არის ეროვნული ვალუტის გაძვირება. საპროცენტო ერთეული თითქმის უკვე 3%-ითაა გაზრდილი. ეროვნული ბანკის აზრით კი, მომხმარებელს ამ ცვლილებებით დამატებით ბიძგს გაუჩენს, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში აიღონ, ნაკლები რისკი გასწიონ და ყველაფერი დედოლარიზაციის პოლიტიკაშიც ჩაჯდეს.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გამოჩენილი სიფრთხილე სავსებით ლოგიკურია, თუმცა ზოგიერთი გადაწყვეტილება ამ სიფრთხილეს და პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. თუნდაც ის, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა. ასევე მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომელიც მთლიანობაში იმ ჩარჩოებს არ პასუხობს, რომელიც ქვეყანას ამ კუთხით აქვს დაწესებული და აჩენს დამატებით რყევებს.
შეგახსებეთ, 18 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 3 წლიდან 4 წლამდე ზრდის.