სექტემბერში საგარეო ვალი $72 მლნ-ით შემცირდა
საგარეო ვალის შემცირების ტენდეცია სექტემბერშიც გრძელდება. აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 72 მლნ დოლარით არის შემცირებული და 1-ლი ოქტომბრისთვის 7.975 მლრდ დოლარია.
სექტემბერში საქართველომ 31 მლნ დოლარი ისესხა, თუმცა, 38 მლნ დოლარი გაისტუმრა.
რაც შეეხება წლიურ დინამიკას, ქვეყნის საგარეო ვალი, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, მაჩვენებელი გაზრდილია $1.2 მლრდ-ით, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, აგვისტოში მაჩვენებელი 1.4 მლრდ-იან მატებას აჩვენებდა.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მთავრობა საგარეო ვალის შემცირების ფონზე, შიდა ვალს ზრდის. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზრდება და 2022 წლის ბოლოს ნაშთი 6.95 მლრდ ლარს მიაღწევს. შიდა ვალის გაზრდა ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან უფრო მეტ ვალს აიღებს. მეტი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ ფულს, უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია რომ 2022 წლის გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებიდან ინფლაციაზე წნეხს, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით გაანეიტრალებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასაც მოიაზრებს.