ფინანსები
25/03/2022

სებ-ში უფროსი და საშუალო მენეჯერების 40% ქალია

ეროვნულ ბანკში უფროსი და საშუალო მენეჯერების 40% ქალია, საბჭოს 7 წევრიდან ასევე 2 ქალია, საფინანსო სექტორში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სებ-ის პრეზიდენტმა საფონდო ბირჟისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე "დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის" ისაუბრა.

კობა გვენეტაძემ ამ მიმართულებით სებ-ის განხორციელებულ იმ რეფორმებზე საუბრისას  მენეჯმენტში ქალთა თანაბარი წარმომადგენლობის მხარდასაჭერად გადადგულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, სებ-მა 2018 წელს კორპორატიული მართვის  კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის თანახმად, კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთ მესამედს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა წარმოადგენდნენ. ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში მინიმუმ 20%-ს (არანაკლებ 1 წევრი) უნდა წარმოადგენდნენ ქალები. "ამ მოთხოვნის დაწესებამდე ქალთა წარმომადგენლობა საბჭოებში 9%-ს შეადგენდა, ამჟამად კი წილი 30%-მდე გაიზარდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გენდერული უთანასწორობა ზეგავლენას ახდენს  ეკონომიკაზე. "ქალების აქტიური ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ისეთ კრიზისულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით. დღეს ბევრი უკრაინელი ქალი თავისი ქვეყნის მომავლისთვის გმირულად იბრძვის", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საფონდო ბირჟისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიების მიზანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის და კომერციული ბანკებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნაა, სადაც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ერთობლივად განიხილონ და დანერგონ ქვეყნის ფინანსურ სექტორში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახალი ინიციატივები. ამასთან, პლატფორმის დახმარებით გააუმჯობესონ კომერციული ბანკების საბჭოს წევრებს შორის ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისა და განვითარების მხარდაჭერა.

 

Businesspartner