სებ: საფინანსო სექტორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ბანკებს უჩივიან
საფინანსო სექტორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ბანკებს უჩივიან.
როგორც ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ეს მოცემულობა გამომდინარეობს იქიდან რომ საფინანსო სექტორის უდიდეს ნაწილს ბანკები შეადგენენ და მათ უფრო მეტი მომხმარებლები ჰყავთ.
„ბოლო პერიოდში მომხმარებელთა მხრიდან აქტიურობა საკმაოდ მაღალია. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, წლიდან წლამდე მზარდია. ზოგადად, ამას ვუკავშირებთ ცნობიერების ამაღლებას. უფრო მეტმა ადამიანმა იცის ამ მექანიზმის შესახებ.
რაც შეეხება პრეტენზიების შინაარს, ისინი ძირითადად შეეხება მიმდინარე ანგარიშებს, სესხებს, ტრანზაქციებს და სხვა ხშირად გამოყენებად პროდუქტებს. პრეტენზიებისა და თხოვნების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. უმეტეს შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ამ ხარვეზებს ასწორებენ და გადაწყვეტილებას მომხმარებლების სასარგებლოდ იღებენ.
თუ აღმოვაჩენთ, რომ ადგილი აქვს ეროვნული ბანკის გარკვეული მოთხოვნების დარღვევას, შესაძლოა გამოყენებული იყოს სანქციებიც.“-განმარტა ლაშა გზირიშვილმა.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2022 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წინააღმდეგ 26 064 პრეტენზია დაფიქსირდა. საჩივრები ძირითადად ტრანზაქციებს შეეხებოდა, რაოდენობის მიხედვით მას მოსდევს მომსახურება და ხელშეკრულების პირობები.
აღსანიშნავია რომ დაფიქსირებული საჩივრებიდან 20 000 -ზე მეტი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და მხოლოდ 5 364 მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქ გასულ წელს 1 096 საჩივარი დაიწერა, საჩივრების ძირითადი ნაწილი ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებებს შეეხებოდა და მას მოსდევდა მომსახურების მიმართ უკმაყოფილება. მისოების შემთხვევაში 653 საჩივარი საფუძვლიანად 434 კი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.