ფინანსები
25/11/2020

სებ: საფინანსო სექტორი ჯანსაღია და აქვს რესურსი ეკონომიკის დასაკრედიტებლად

ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს, - სებ-ი საფინანსო სექტორის მდგრადობაზე აცხადებს. 

ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა. ასევე მდგრადია აქტივების ხარისხი, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესების შედეგად, სტაბილურია ბანკების დაფინანსების წყაროები და სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერი. დამატებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის დაკრედიტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის ეროვნულმა ბანკმა საგრძნობლად გააფართოვა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, ხოლო შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში გამოთავისუფლდა ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი და მათ მეტი მოქნილობა მიეცათ ლიკვიდობის მართვაში. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის. 

არსებული საბაზო სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის გეგმას და მათი ეტაპობრივად შევსების თარიღებს 2021 წელს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად. 2020 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 11.5% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საწყის ეტაპზე საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ბოლო თვეებში კვლავ გაიზარდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება. როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა განცხადებებში იყო აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას არ გაზრდის. ხოლო საბაზო სცენარის რეალიზების შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმა და მათი ეტაპობრივად თარიღები 2021 წელს გამოცხადდება და საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს", - ნათქვამია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებაში.