ფინანსები
24/02/2021

სებ: საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად

ეროვნული ბანკი 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე, 2021 წლის 2 ივნისს განიხილავს. 

როგორც წინა კომიტეტის პრესრელიზში იყო აღნიშნული, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.

"უფრო კონკრეტულად კი, სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, 2 წელი. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს", - ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.