სებ: მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ
საქართველოს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ბანკები სოლიდური მოგებით დახურავენ.
ამის თქმის შესაძლებლობას მთავარ ბანკს 2021 წლის აპრილის მონაცემები აძლევს, რამდენადაც ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ.
"წლის დასაწყისიდან მომგებიანობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ. მომგებიანობის ზრდას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება, რაც 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საშეღავათო პერიოდით საკრედიტო პორტფელის 10% სარგებლობს. ამავდროულად, აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება, თუმცა უმოქმედო სესხების მაჩვენებლის მატერიალური ზრდა არაა მოსალოდნელი", - ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშში.
კომიტეტის შეფასებით, ბანკების მიერ შექმნილი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ საკრედიტო დანაკარგის დონეს. ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.