ფოტო: d-russia.ru
ფინანსები
19/03/2022

სებ: MIR-ს ქართული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები არ ემსახურებიან

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა  - MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.

"სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს", - განმარტავს სებ-ი.