სებ-მა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას ლარის გაუფასურება - სოსო ფხაკაძე
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასოციაცია მუდმივად აკვირდება და სწავლობს შიდა სავალუტო ბაზრის კონიუქტურას, ვინაიდან წევრების და ადგილობრივი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის შემოსავლების გენერირება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
მისი თქმით, შესაბამისად, ლარის კურსი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბიზნეს და ფინანსურ გეგმებზე, ბიზნესის განჭვრეტასა და ზოგადად კომპანიების ფინანსურ სიჯანსაღეზე. ამასთან, ლარის კურსი პირდაპირპროპორციულია მომხმარებლების მსყიდველუნარიანობასთან და ლარის გაუფასურება, ბუნებრივია, იწვევს მოთხოვნის დაქვეითებას.
„ამის ფონზე მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და შესაბამისად, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ეროვნული ვალუტების გაუფასურებას, ლარი ინარჩუნებს სტაბილურობას.
ასევე მივესალმებით და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიგვაჩნია გონივრულად და მართებულად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების პერიოდული განხორციელება. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მონეტარული და სავალუტო ბერკეტი და არ დაუშვას ლარის გაუფასურება, რაც პანდემიის ფონზე მძიმე ტვირთი იქნება მომხმარებლებისთვის, კომპანიებისთვის და მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის,“ -აცხადებს სოსო ფხაკაძე.
მისივე განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები და ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, ბუნებრივია, განაპირობებს მთელი რიგი ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორები, მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი ხდება ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. ასეთი სახის აუცილებლობის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ადრეულ პერიოდებშიც საუბრობდა და კარგია, რომ დღეს არსებობს თანხვედრა ამ ხედვებსა და მიდგომებში.
„გვინდა ვივარაუდოთ, რომ სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებულია ლარის კურსის წონასწორობის ახალი ნიშნული და, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლებელი იქნება ბოლო პერიოდში მოქმედი დერეფნის ფარგლებში ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0975 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.85 თეთრი შეადგინა.Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს დილიდან ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. 11:40 საათისთვის 1 დოლარი 3.0955-ის ნიშნულზე იყო, 16:07 საათისთვის კი ლარი Bloomberg-ზე უკვე 3.0995-მდე გაუფასურდა, დღის ბოლოსთვის 17:08 საათისთვის კი 1 დოლარი 3.1112 ლარად ივაჭრება.