ფინანსები
28/04/2021

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1%-ული პუნქტით 9.5%-მდე გაზარდა.

პოლიტიკის გამკაცრებას ქვეყნის მთავარი ბანკი რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორისაა მარტში წლიური 7.2%-იანი ინფლაცია.

ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად, ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა.

"ეს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს. ამასთან, საქართველოში და გლობალურადაც ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალია, რაც ადგილობრივ მოთხოვნას ასტიმულირებს. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, საფინანსო სექტორის ლიკვიდობის ადეკვატური ბუფერების შენარჩუნების შედეგად, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდა იმპორტის წამახალისებელია. ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - განმარტავს სებ-ი.