ფინანსები
21/11/2022

სებ-მა "პეისერა საქართველოზე" პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა საქართველოზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.

როგორც სებ-ი წერს, სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, სს „პეისერა საქართველოს“ ფილიალები და სერვის ცენტრები საქართველოს ტერიტორიაზე არ ექნება.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

სს "პეისერა საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

Businesspartner