ფინანსები
11/05/2022

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა

გლობალური გაურკვევლობისა და გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 11%-ზე დატოვა.

"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ახალ რისკებს დაუდო სათავე. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12.8 პროცენტი) დარჩა. რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა, ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება", - განმარტებულია სებ-ის გავრცელებულ რელიზში.

იქვე ნათქვამია, რომ მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე.

"შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აშშ დოლარით მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიღებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად - 25%) ზრდის ჩათვლით. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას", - განმარტავენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 22 ივნისს ჩატარდება.