სებ-მა კონტრციკლური ბუფერი 0%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.
სებ-ის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ 2022 წელს მოსალოდნელია, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება.
"სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდგომ რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ. 2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან", - განმარტებულია რელიზში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 1 ივნისს გაიმართება.