ფინანსები
08/11/2021

სებ-ის საკოლექციო მონეტების შეძენა წინასწარი შეკვეთით იქნება შესაძლებელი

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთების პრაქტიკას ნერგავს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა ბანკმა საკოლექციო მონეტებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.

პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდება, "ევრობასკეტის“ თემას ეძღვნება და მისი გამოშვება 2022 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მონეტის დიზაინი და ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და განათავსონ შეკვეთა.

მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი.

მონეტის გამოშვებისა და სარეალიზაციოდ გამოტანის შემდეგ, წინასწარ შეკვეთილი მონეტები გაიცემა სებ-ის საკასო ცენტრის სალაროდან, ადგილზე მონეტების სრული სარეალიზაციო ღირებულების გადახდის შემდეგ.

წინასწარი შეკვეთებით გაყიდვები არ შეეხება უკვე დაგეგმილ "საქართველოს მეფეების“ სერიიდან მეფე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე შექმნილ მონეტებს, რომელთა გამოშვება უახლოეს მომავალში მოხდება.