სებ-ის პრეზიდენტი იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ვერ ხდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ ფაქტორებს განმარტავს, რის გამოც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ვერ ხერხდება. კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ დღევანდელი კრიზისის ფონზე ეკონომიკა მიწოდებისა და მოთხოვნის შოკის ქვეშ იმყოფება.
„დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენ ორი შოკი გვაქვს ერთდროულად - მიწოდებისა და მოთხოვნის. მოთხოვნის იმიტომ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ძალით უნდა გავაჩეროთ ეკონომიკა, მობილობა უნდა შემცირდეს. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე აღარაა საუბარი. ეს მოთხოვნას ამცირებს. ამ მიმართულებით თუ შევხედავთ, ინფლაცია წელს უნდა იყოს დაბალი. მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მიწოდების შოკი. ელემენტარულად პროდუქციის დამზადება და გადაზიდვაც კი პრობლემაა.
ყველას უძვირდება პროდუქციის შექმნა. გარდა ამისა, აქ შემოდის დოლარიზაციის მომენტიც. ეს ყველაფერი ინფლაციას ექაჩება ზემოთ, რომელი გადაწონის ძალიან რთული სათქმელია.“-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ხელს უშლის, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებია.
„ჩვენ რომ მაღალი დოლარიზაცია არ გვქონდეს, საპროცენტო განაკვეთს შევამცირებდით და ეკონომიკას უფრო დავეხმარებოდით, მაგრამ რატომ ვერ ვაკეთბთ ამას?! თუ შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთი ეს ეკონომიკაში ზრდის მოთხოვნას - მათ შორის იმპორტზე. იმპორზე მოთხოვნა აჩენს ზეწოლას ლარის კურსზე. ლარის კურსზე ზეწოლა კი გავლენას ახდენს დოლარში აღებული სესხების მომსახურებაზე. საბოლოოდ, ისევ ერთი ნაბიჯი რჩება ფინანსურ პრობლემამდე. შეკრული წრე არის და ჩვენ რომ დოლარიზაცია გვქონდეს 20-25%-ის ფარგლებში, რეფინანსირების განაკვეთს შევამცირებდით.“-განმარტა კობა გვენეტაძემ.