ფინანსები
01/05/2020

სებ-ი საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად ინსტუმენტებს შექმნის

ეროვნული ბანკი გეგმავს რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.

ამ და პოსტკრიზისულ პერიოდში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.

პლატფორმის ფარგლებში მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო- დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციები მთავრობას პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე საკუთარ რეკომენდაციებს  უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.