ფინანსები
14/03/2022

სებ-ი საპენსიო სააგენტოს აქტივების დათვლის მეთოდოლოგიას უცვლის

საპენსიო სააგენტომ აქტივების შეფასების წესში ცვლილებები შეიტანა.

ამ დროისთვის მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდ ლარს აღემატება. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 300 მილიონი ლარამდეა. საპენსიო სააგენტოს გაშვებიდან თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, სააგენტოს წმინდა ნომინალური ამონაგები 33.44% იყო (ინფლაცია  27.36%), ბოლო 12 თვის კი 10.95% (ინფლაცია - 13.73%). რეალური ამონაგები კი 4.78% ინფლაციის გამოკლებით.

როგორც იცით, საპენსიო აქტივები სრულად ლარში, ადგილობრივ ბაზარზეა განთავსებული. აქტივების 37% დაბანდებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 62%-ია სადეპოზიტო სერთიფიკატი და 0.9% კი ვადიანი დეპოზიტი  (განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში, ვითიბიდან საპენსიომ გაიტანა) .

სააგენტოს აქტივების წესის შეფასების მიხედვით, საპენსიო აქტივებში შემავალი ვადიანი დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული ამორტიზებული ღირებულებით, სადაც დარიცხული სარგებელი დაიანგარიშება ეფექტური სარგებლის განაკვეთით (ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი შეფასების დღის მდგომარეობით და გამოკლებული ნებისმიერი გაუფასურება). ფასს 9 სტანდარტით მოთხოვნილი ბიზნეს მოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SSPI) ტესტები უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა გაანგარიშებულ იქნეს ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულება ამორტიზებული ღირებულებით.

იმ აქტივების ღირებულება, რომლებსაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა განისაზღვროს ყოველ სამუშაო დღეს, კვოტირებული ფასების გამოყენებით. კვოტირებულ ფასად კი განისაზღვრება შეფასების დღეს ამ აქტივის დახურვის ფასი ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, რომელზეც დალისტულია ეს აქტივი (ერთზე მეტი ლისტინგის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველადი ლისტინგი). თუ შეფასების დღისთვის დახურვის ფასი არ არის გამოქვეყნებული, შეფასებაში გამოიყენება შესაბამის ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე გამოქვეყნებული უახლესი დახურვის ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 დღისა.

სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა შეფასდეს შეფასების დღის ბოლოსთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასით, რომელიც კვოტირებულია სანდო, აღიარებული წყაროს მიერ, ბლუმბერგის ან რეფინიტივის გამოყენებით. თუ შეფასების დღისთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ შეფასებაში გამოიყენება გამოქვეყნებული უახლესი გაყიდვის (bid) ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 დღისა.

სააგენტო დოლარში, საერთაშორისო ინდექსებში ინვესტირებისთვის, ფასების დაღმავალი ტრენდის გათვალისწინებით შესაძლებლობებს ხედავს, თუმცა მეორე მხრივ გაზრდილი ვოლატილობისა და ბუნდოვანების გათვალისწინებით ყოვნდება. და მოვლენების განვითარებას აკვირდება.