სებ-ი ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს
სებ-ი ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა 2021 წლის 1-ელი აპრილიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ორი მონეტის შეძენა შეეძლება, რათა მეტი კოლექციონერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 80 ლარია და მისი შეძენა ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გამართვაა დაგეგმილი.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათ შორისაა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა და ა.შ.