ფინანსები
12/02/2021

სებ-ი IFC-თან თანამშრომლობის მეორე ხელშეკრულებას აფორმებს

სებ-მა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობის ხელშეკრულებას (Cooperation Agreement, CA) მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მიზანია ეროვნულ ბანკს მხარი დაუჭიროს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავებაში, მათ შორის მდგრადი ფინანსური პროდუქტების განვითარებასა და საქართველოში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში. ეს IFC-თან რიგით მეორე ხელშეკრულებაა, რომელსაც 2018 წელს გაფორმებული პირველი წარმატებული თანამშრომლობის ხელშეკრულება უძღოდა წინ.

ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით IFC - თან აქტიურად 2017 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს, მას შემდეგ რაც იგი IFC - ის მხარდაჭერილ მდგრად საბანკო ქსელს (SBN) შეუერთდა. SBN 42 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რაც მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საბანკო აქტივების 86%–ს ფარავს. ეროვნული ბანკის IFC/SBN - თან თანამშრომლობა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლება; გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ფინანსური ინსტიტუტების რისკის შეფასების ჩარჩოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ინტეგრირება; ბაზრის გამჭვირვალობის ხელშეწყობა; SBN–ის სხვა წევრ ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება.

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა IFC - თან მჭიდრო თანამშრომლობით გადადგა, 2019 წლის აპრილში საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის გამოქვეყნებაა. გზამკვლევი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი დაფინანსების მხარდასაჭერად ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ ყველა შესაძლო ნაბიჯს აერთიანებს.


ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს  და გზამკვლევით გათვალისწინებულ გეგმას ეტაპობრივად ასრულებს. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებას ემსახურება IFC - თან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება, რომელსაც მხარდაჭერას ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნო (SECO) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო (BMF) უწევს. ახალი ხელშეკრულება უფრო მასშტაბურია და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი IFC - თან თანამშრომლობას გააგრძელებს ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. IFC ეროვნულ ბანკს ასევე დახმარებას გაუწევს  მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაზე მუშაობის პროცესში, რომლის მიზანია უზრუნველყოს მწვანე, სოციალური და მდგრადი ეკონომიკური აქტივობების ერთგვაროვანი განმარტება. CA აგრეთვე ითვალისწინებს რეკომენდაციებს კორპორაციული მართვის კოდექსებში ESG საკითხების ინტეგრირების თაობაზე, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებსა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეებში სათანადო ESG პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. CA ასევე მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების მიერ ESG რისკის მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


IFC/SBN - ის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, IFC - ისა და ეროვნული ბანკის ახალი თანამშრომლობა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს და საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.