სებ-ი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გზამკვლევს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ერთ-ერთი საზედამხედველო პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი, სხვა საკითხებთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკთან წარსადგენი საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებას მოიცავს. ეროვნული ბანკი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგების ფასს-ზე გადაყვანის პროექტზე და შედეგად, ფასს-ზე გადასვლის გზამკვლევს აქვეყნებს.
გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს ეროვნული ბანკის მიერ ფასს - ზე გადასვლის მიმართულებით შემუშავებული მიდგომები გააცნოს. დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა ფასს - ზე გადასვლისას უნდა გაითვალისწინონ. დოკუმენტის პრინციპებზე დაყრდნობით, კომერციულ ბანკებს, არსებულ მოთხოვნებთან ერთად, სხვადასხვა საზედამხედველო მაჩვენებლების გამოთვლის და ფასს-ზე დაფუძნებული მიდგომებით წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.
კაპიტალის ადეკვატურობის ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოსათვლელად მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებების ასახვა კაპიტალის მოთხოვნებსა და გამოთვლის წესებში, რათა ფასს - ზე გადასვლამ, სხვა თანაბარ პირობებში, გავლენა არ მოახდინოს საზედამხედველო მაჩვენებლების მიმართ მიდგომებზე. ამგვარად, კაპიტალის მოთხოვნების მიმართ ნეიტრალური მიდგომის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკის გზამკვლევი შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოთვლის გამო გაზრდილია, კაპიტალის მოთხოვნები იზრდება.
ცხრილი: საბანკო სექტორის კაპიტალის მაჩვენებლები არსებული მიდგომით და ფასს-ის მიხედვით
კაპიტალის ადეკვატურობა |
არსებული წესებით |
ფასს-ით დათვლილი* |
||
2019 -ის მდგომარეობით | კაპიტალის მაჩვენებელი |
ჯამური მოთხოვნა |
კაპიტალის მაჩვენებელი |
ჯამური მოთხოვნა** |
ძირითადი პირველადი კაპიტალი (CET 1) | 12,5% | 9,9% | 13,9% |
11,40% |
პირველადი კაპიტალი (Tier 1) | 14,4% | 12,0% | 15,9% |
13,5% |
საზედამხედველო კაპიტალი | 19,4% | 17,3% | 19,8% |
17,8% |
შენიშვნები:
*აღნიშნული მონაცემები შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე კორექტირებას.
**ჯამური მოთხოვნა გაზრდილია პილარ 1-ის მინიმალური მოთხოვნების ხარჯზე (6%, 7,5% და 8,5% ნაცვლად არსებული 4,5%, 6% და 8%-სა).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გზამკვლევი.
აღსანიშნავია, რომ ფასს - ზე გადასვლის პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს ფინანსური აქტივების დარეზერვების მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართულობითა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, "ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის" სამუშაო ვერსია შეიმუშავა. აღნიშნული წესი ფასს 9-ს ეფუძნება და გარკვეულ საკითხებზე აკონკრეტებს მიდგომას, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ანგარიშგებაში ფასს 9 - ის გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ. წესის დანერგვა ხელს შეუწყოს კომერციული ბანკების ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი ზარალების გამოთვლის მიდგომების შესადარისობასა და ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებას. დოკუმენტი საკონსულტაციოდ გაეგზავნათ კომერციულ ბანკებსა და აუდიტორულ ფირმებს. ამასთან, სხვა დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებისა და შენიშვნების მიღების მიზნით, დოკუმენტი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
ფასს - ზე გადასვლის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "აუდიტორულ ფირმებსა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კომუნიკაციის სახელმძღვანელო" შეიმუშავა. სახელმძღვანელო საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის, ევროპის საბანკო უწყებისა და სხვა აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. სახელმძღვანელოს მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნულ ბანკსა და აუდიტორულ ფირმებს შორის საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებულ კომუნიკაციას. მსგავსი კომუნიკაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით ფასს - ზე გადასვლის პროექტის ფარგლებში იზრდება. დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.