სებ-ი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტების მიღებას შეძლებს
ეროვნული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტების მიღებას შეძლებს, - საკანონმდებლო ცვლილება უკვე დამტკიცებულია და ის ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.
კერძოდ, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ექნება შესაძლებლობა ფონდში არსებული თავისუფალი სახსრები განათავსოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე. წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ცვლილების ფინანსური შედეგი შესაძლოა იყოს წლიურად 100 000-დან 1 მლნ ლარამდე სარგებელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კი, ეს ნიშნავს ანალოგიური მოცულობის სარგებლის გადახდას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის, მაგრამ არა აუცილებელ დამატებით ხარჯს, ვინაიდან სააგენტოს მიერ განთავსებული სახსრების გამოყენება საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სარგებლის მისაღებად.
ეროვნული ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ფასიანი ქაღალდების შესყიდვით სადისკონტო ოპერაციების წარმოების უფლებაც ექნება, ასევე სებ-ს შეეძლება თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.
ცვლილებებმა უნდა აღმოფხვრას ის ხარვეზი, რომელიც დაკავშირებულია დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თავისუფალი სახსრების დამატებითი სარგებლის მიუღებლობასთან, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოპერატიული განაღდების შესაძლებლობის უქონლობასთან.