ფინანსები
28/05/2021

სებ-ი BSCEE ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (BSCEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყნად საქართველო აირჩიეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 2022 წელს BSCEE ჯგუფის კონფერენცია თბილისში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა წლევანდელ კონფერენციაზე მომხსენებლად იყო მიწვეული. მონაწილეებს პაპუნა ლეჟავამ პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა - პოსტპანდემიურ პერიოდში საზედამხედველო პრიორიტეტები იყო.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ზომები გაატარა ეროვნულმა ბანკმა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ და რა უნდა იყოს პოსტპანდემიური პერიოდის საზედამხედველო პრიორიტეტები.

"კოვიდპანდემია უპრეცედენტო გამოწვევა იყო და მისი ზეგავლენა ჯერ არ დასრულებულა. ამ გამოწვევებმა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა: კრიზისადმი მუდმივი მზადყოფნა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა; პანდემიამ ფინტექის როლის ზრდასა და განვითარებას ხელი შეუწყო - თუ აქამდე ფინტექის განვითარების უპირატესობას ფინანსური მომსახურების განვითარებაში, ინოვაციებისა და კონკურენციის ზრდაში ვხედავდით, პანდემიამ მისი ფინანსურ სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაც დაგვანახა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

BSCEE 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.