სებ-ი 2020 წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვარაუდობს
“2020 წლის განმავლობაში ინფლაციას ექნება შემცირების ტენდენცია“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი განცხადებით,2021 წელს ინფლაცია იქნება მიზობრივზე დაბალი.
„ეს პროგნოზი წინა პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთანაა დაკავშირებული ძალიან ბევრი გაურკვევლობა, ინფლაციის პროგნოზი მანამდე არსებულ პროგნოზებს მიჰყვება.
წლის მეორე კვარტალში ინფლაციის კვარტალური მაჩვენებელი იყო 6.5%-ი. როგორც აღვნიშნე, ინფლაციაზე სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც ინფლაციას ქვევით ექაჩება. ეს განაპირობებს იმას, რომ მომავალში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება. თუმცა, არის გაცვლითი კურსიდან მომდინარე შოკი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ინფლაცია იყოს მაღალ დონეზე შენარჩუნებული. ასევე მიწოდების მხრიდან მომდინარე შოკები, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის შემაკავებელ ღონისძიებასთან. მათ შორის, არის სექტორები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებით ოპერირებს ახლა, რაც იწვევს ერთეულ პროდუქციაზე ხარჯის ზრდას,ეს კი შესაბამისად იწვევს უფრო მაღალ ფასებს ამ მომსახურებაზე და პროდუქციაზე“-აცხადებს მესტვირიშვილი.