სებ: ბაზარზე სესხის ისეთი სახეობები გამოჩნდა, რომელიც რეგულირების მიღმაა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბაზარზე გამოჩნდა ახალი პროდუქტები, რომლებიც სესხის შინაარს ატარებს, თუმცა დარჩენილია რეგულირების გარეშე, რაც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის.
"მაგალითად ყიდვა უკუ გამოსყიდვის პირობით და მსგავსი პროდუქტები. ფაქტობრივად, ეს არის ის დაურეგულირებელი სფერო და ამ შემთხვევაში არის არაჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, დარეგულირების მიზნით იგეგმება საკანონმდელო ცვლილებები, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტის ცნების ქვეშ მოაქცევს მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს.
"რაც შეეხება ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ რეგულირება ცუდია, მინდა შევახსენო, რომ ფინანსური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად რეგულირებადი სფეროა მსოფლიოში და ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იმის შეფასებაც უნდა მოხდეს, რაც შეიძლება რეგულაციას მოჰყვეს, მაგრამ ფინანსურ სექტორში ძალიან ცუდი იქნება, თუ რაღაც რისკები დაგროვდა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დაურეგულირებელი სფერო გაჩნდა. აქედან გამომდინარე ამას ყურადღებას ყველთვის ვაქცევთ",- აცხადებს კობა გვენეტაძე.