ფოტო: finedu.gov.ge
ფინანსები
02/03/2022

საშუალო ხელფასიანი მსესხებლისთვის სასესხო მოთხოვნები გამკაცრდა

სასესხო მოთხოვნები (PTI) გამკაცრდა. 1000-1500 ლარის შემოსავლის მქონე მსესხებელი თუ ახლა შემოსავლის 50%-ს იღებს სესხს, აპრილიდან მხოლოდ 25%-ის აღება შეეძლება.

"სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება", - განმარტავს სებ-ი.

აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

"გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ. 2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა  უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან", - განმარტებულია რელიზში.

როგორც სებ-ში განაცხადეს, PTI-ს 50%-დან 25%-მდე კლება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას და აქედან გამომდინარე საერთაშორისო კომპანიებისა და ქვეყნების მიერ რუსული საფინანსო კომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არ უკავშირდება, ცვლილება ძირითადად სახელფასო მინიმუმის გაზრდით არის განპირობებული.