ფინანსები
27/11/2021

"საპენსიო სესხებზე პოლიტიკოსები არარსებულ პრობლემას ებრძვიან, რადგან პროცენტი საბაზრო აღმოჩნდა"

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში საპენსიო სესხების განაკვეთებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკოსების დღის წესრიგიდანაც ეს საკითხიც მოიხსნა.

ჯანიაშვილის თქმით, გამოიკვეთა, რომ ე.წ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების აქტიურობა და წინასაარჩევნო ხმამაღალი განცხადებები, რომ ამ ტიპის სესხებზე პროცენტები „არაადამიანურია“, მხოლოდ ელექტორატის გულის მოგებაზე გათვლილი პიარსვლები იყო, რამდენადაც რეალურად აღმოჩნდა, რომ მოქმედი საპროცენტო განაკვეთები საბაზრო კონიუნქტურასთან სრულ შესაბამისობაშია.

„გვესმოდა მხოლოდ განცხადებები, რომ პროცენტი „არაადამიანურია“, თუმცა რა იქნებოდა „ადამიანური და რაზე დაყრდნობით შევძლებდით მის მიღებას, ამას არც ერთი პოლიტიკური ძალა აღარ უღრმავდებოდა. ის გარემოება, რომ დღეს ამ საკითხით პოლიტიკური სპექტრიდან აღარავინ ინტერესდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკოსები და მათი პარტიები ამ მართლაც მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ საარჩევნო ქულების დაგროვების პრიზმაში უყურებდნენ. სამწუხაროდ, პრაქტიკული შესაძლებლობების ძიებაზე კი,არაც არავინ ფიქრობდა. დარწმუნებული ვარ, მათ მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ ე.წ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, არარსებულ პრობლემას ებრძოდნენ, რადგან არსებული პროცენტი რელურად საბაზრო განაკვეთია“, – აღნიშნა ჯანიაშვილმა.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საკითხთან დაკავშირებით,წინასაარჩევონოდ პოლისიტიკოსების მიერ ატეხილი განგაში არ იყო ადეკვატური და მათი აქტიურობა რეალურ საჭიროებებს არ ეხმიანებოდა.

„პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ იყო თვითმმართველობის არჩევნები და საუბრობდნენ საპენსიო თემებზე, რომელიც საერთოდ სხვა საკითხია და მასზე რეაგირება თვითმმართველობის მანდატის ფარგლებს მიღმაა.ამის ფონზე, როგორ შეიძლება, რომ რაიმე ადეკვატურობაზე ვისაუბროთ, – ეს იყო წმინდა წყლის პოპულისტური მიდგომა“, -აცხადებს ჯანიაშვილი.

 

"ბანკები და ფინანსები"