ფინანსები
07/04/2022

საპენსიო სააგენტო უახლოეს დღეებში MSCI World Index-ში პორტფელის 5%-მდე ჩადებს

საპენსიო სააგენტომ დოლარის შეძენა მიმდინარე წლის 17 მარტიდან დაიწყო, დღიური შეძენა კი დაახლოებით $100 000-500 000-ის ფარგლებშია, რათა ბაზარს შესყიდვები არ დატყობოდა. „დავყვებით ბაზარს“, - აცხადებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

მარტის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მთლიანმა ღირებულება 2.23 მლრდ ლარი შეადგინა, დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მლნ ლარი. სააგენტოს წმინდა მომგებიანობა 3.15% იყო.

ამავე პერიოდისთვის სააგენტოს თავისი აქტივების 95.8% ლარში, 4.2% დოლარში (დღეის მდგომარეობით, 4.25%) ადგილობრივ ბაზარზე ჰქონდა, უმეტესი წილი სადეპოზიტო სერთიფიკატებში, 40%-მდეა მიმდინარე ანგარიშებზე, ხოლო მცირე, 1.3% განთავსებულია ვადიან ანაბარზე.  

საანგარიშო პერიოდისთვის გადოლარებულია დაახლოებით, $40 მლნ დოლარი და ინვესტირების პირველი ტალღაც ამავე მოცულობის იქნება.

რაც შეეხება საინვესტიციო გეგმებს, უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე მოხდება მორგან სტენლის MSCI world index-ში ინვესტირება ETF-ის მეშვეობით, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მოიცავს 23 განვითარებულ ეკონომიკას, მათ შორის წამყვანია ამერიკა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და კანადა და 1540 მონაწილეს.

ინდექსი ბოლო 10 წელია საკმაოდ მზარდ დინამიკას აჩვენებს და ამ პერიოდში მისი მთლიანი შემოსავლიანობა დაახლოებით 10% იყო. გამონაკლისი პანდემიის პერიოდი და ახლა უკვე მიმდინარე, ახალი კრიზისია.

ბოლო 3 თვის ჭრილში, ისევე როგორც ყველა საფონდო ბირჟის ინდექსი აღნიშნულიც დაეცა. მისი შემოსავლიანობა დაახლოებით  5%-ით დაეცა, რამაც გარკვეულწილად სააგენტოსთვის საინვესტიციოდ კარგი შესაძლებლობა გააჩინა.

ინდექსში ყველაზე მსხვილად წარმოდგენილია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების და ჯანდაცვის სექტორები, რომელთა წილით მთლიან ინდექსში დაახლოებით 50% - ია.

წამყვანი კომპანიები კი არიან ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Google, Nvidia, Meta, Johnson&Johnson და სხვები.

საპენსიო არსებული 20%-იანი ლიმიტის სრულად ათვისებას წლის ბოლომდე გეგმავს. თუმცა, ეს მოხდება ეტაპობრივად, ახლა დაახლოებით უკვე გადოლარებული 4.25%-ით, წლის ბოლომდე აკვირდებიან სხვადასხვა ინდექსებს, Frontier index-ს, განვითარებადი ეკონომიკების ან კონკრეტული ინდუსტრიის ინდექსს და ანალიზის საფუძველზე გლობალური ინვესტიციების წილი პორტფელში 20%-მდე შეივსება. მიზანი ამ მიმართულებითაც პორტფელის დივერსიფიცირებაა, რათა სხვადასხვა ინდექსების სხვადასხვა ფასები ეჭიროთ პორტფელში.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, საბოლოო ჯამში წლის ბოლომდე მიზანია, რომ იყოს მანდატით განსაზღრვული პორტფელის ალოკაცია.

კერძოდ, 60% სადეპოზიტო სერთიფიკატები, 20% გლობალური ფასიანი ქაღალდები, 20% სახაზინო ობლიგაციები. სახაზინო ობლიგაციებს ფონდი ახლა უფრო აქტიურად აკვირდება და განიხილავს საინვესტიციოდ, ვიდრე აქამდე. შესაძლოა მაჩვენებლებში იყოს მცირე დერივაცია და გადახრა, +-5-10%-ის ფარგლებში, რასაც სააგენტო რისკის მიხედვით განსაზღვრავს. ამ ეტაპზე ის პასიური ინვესტორის როლში რჩება და იმედოვნებს, რომ აქტიურ ინვესტორად ბაზარს მომდევნო წლიდან შეუერთდება.

პარალელურად, მიმდინარეობს განხილვები საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ბაზარზე სააგენტოს საინვესტიციო არეალის სივრცის გაფართოება უნდა მოხდეს. მაგალითად საუბარია სარეიტინგო შეზღუდვის ერთი საფეხურით გაფართოვებაზე, ასევე თითო ემისიაში 10-ის ნაცვლად 20%-ით შესვლის შესაძლებლობაზე. ცვლილება ჯერ მხოლოდ დისკუსიის რეჟიმში განიხილება და რაიმე საკანონმდებლო ინიციატივის სახე ჯერ-ჯერობით არ აქვს.

მელიქიძე ამ ცვლილებებს მალე არ ელის, თუმცა ამბობს, რომ თუკი ცვლილებები წელს მოხდა, მაგალითად მეოთხე კვარტალში იქნება საკმაოდ კარგი, ვინაიდან ექნებათ მეტი მოქნილობა, ინვესტირება განახორციელონ ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული ფასიან ქაღალდებში. თუკი აპრილი-მაისის ან მესამე კვარტლის განმავლობაში იქნება ახალი ემისიები, სააგენტო ინვესტირებით დაინტერესებულია. მათ შორის ინტერესი აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ბონდებშიც.

მელიქიძე ამბობს, რომ ინფლაცია დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო გათვლას გრძელვადიან პერსპექტივაზე აკეთებს, მოკლევადიან კრიზისს გრძლ ვადაში მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. ელის, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 3Q-4Q-სთვის კლებას დაიწყებს.

 

Businesspartner