ფინანსები
05/10/2020

საპენსიო სააგენტო სპეციალურ დეპოზიტარს 2020 წლის ბოლომდე შეარჩევს

სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებულ დეპოზიტარს 2020 წლის ბოლომდე შეარჩევს, - განაცხადა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში"  საპენსიო სააგენტოს უფროსმა და  საინვესტიციო ოფიცერმა  გიორგი მელიქიძემ.

მისი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდება საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის რეალურად ამოქმედების საფუძველი და დაიწყება აქტივების მართვის პროცესი. როგორც მელიქიძე აცხადებს, საპენსიო დანაზოგებმა უკვე 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას. სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საფენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება.

რაც შეეხება  საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ის საპენსიო სააგენტომ უკვე დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საინვესტიციო საქმიანობის მთავარი საინვესტიციო დოკუმენტია და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

1 ოქტომბრის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა.

საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 201-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. 

საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.