ფინანსები
03/05/2022

საპენსიო სააგენტო: MSCI World Index-დან, 3-5 წელში, საკმაოდ კარგ მომგებიანობას ველოდებით

როგორია საპენსიო სააგენტოს პოლიტიკა - საპენსიო ფონდის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ამბობს, რომ მთავარია დივერსიფიცირებული პორტფელი.

გოგა მელიქიძის განცხადებით, საპენსიო პორტფელის დაახლოებით 15% უკვე დოლარშია განთავსებული და ეს გადაწყვეტილება სწორედ პორტფელის დივერსიფიცირებას ემსახურება.

"ამ მიმართულებით დავიწყეთ უკვე გლობალური ინდექსის შეძენა. MSCI world index-ს აქვს თავისი ფონდი, რომელიც 24 ეკონომიკას და 1500-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, როგორიცაა: Google, Tesla, Facebook და სხვა. ჩვენ სწორედ ამ ფონდის აქციები შევიძინეთ და რეალურად ამ ინდექსში მოვახდინეთ ინვესტირება, რომელიც არის გრძელვადიანი და სამომავლო პერსპექტივაში, 3-5 წლის თავზე, საკმაოდ კარგ მომგებიანობას ველოდებით.

სანამ მომგებიანობაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია. რაშიც იგულისხმება, რომ საპენსიო სქემის მონაწილეები არ იყვნენ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ეკონომიკაზე, რეგიონზე ან სექტორზე. ამ დივერსიფიკაციით შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ეკონომიკები შევიძინეთ. რაც შეეხება მომგებიანობას, აქციებს ფინანსური ობლიგაციებისგან განსხვავებით ფასში ზრდის მეტი პერსპექტივა აქვს, რაც ინვესტიციების და ინფლაციის თვალსაზრისთ დაცულობასაც გვთავაზობს." აღნიშნავს, გოგა მელიქიძე.

მისივე თქმით, მომავალში სხვა სექტორების ფონდების აქციებში ინვესტირებაც განიხილება, თუმცა ზედმეტი დივერსიფიცირებაც არ ვარგა და აქაც ოპტიმალურობაა საჭირო. ამასთან როგორც მელიქიძე აღნიშნავს, ქართული ობლიგაციების ბაზარსაც აკვირდებიან.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ დოლარის შეძენა მიმდინარე წლის 17 მარტიდან დაიწყო. 

MSCI world index–ი ბოლო 10 წელია საკმაოდ მზარდ დინამიკას აჩვენებს და ამ პერიოდში მისი მთლიანი შემოსავლიანობა დაახლოებით 10% იყო. გამონაკლისი პანდემიის პერიოდი და ახლა უკვე მიმდინარე, ახალი კრიზისია.

ბოლო 3 თვის ჭრილში, ისევე როგორც ყველა საფონდო ბირჟის ინდექსი აღნიშნულის შემოსავლიანობაც დაახლოებით  5%-ით დაეცა, რამაც გარკვეულწილად სააგენტოსთვის საინვესტიციოდ კარგი შესაძლებლობა გააჩინა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსში ყველაზე მსხვილად წარმოდგენილია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების და ჯანდაცვის სექტორები, რომელთა წილით მთლიან ინდექსში დაახლოებით 50%-ია. წამყვანი კომპანიები კი არიან ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Google, Nvidia, Meta, Johnson&Johnson და სხვები.