ფინანსები
08/09/2022

საპარლამენტო კომიტეტმა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა.

„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა კომიტეტმა, რათა დღეს გამარტივდეს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ცვლილება უნდა განხორციელდეს 21 კანონში, პაკეტი 1700 გვერდიანია. კომიტეტის თავმჯდომარემ დააკონკრეტა კონსულტაციების შედეგად რომელი საკითხების ამოღება მოხდა კანონპროექტიდან.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება, გაიაფდება, მარტივად მოხდება ევროს გადარიცხვა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს  პაპუნა ლეჟავამ გააცნო. „ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ბიზნესს, სტარტაპებს, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რათა ხელი მიუწვდებოდეთ ევროკავშირის საკმაოდ დიდ ბაზარზე და იმედია ამ შესაძლებლობას ერთობლივი მუშაობით რეალობად ვაქცევთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

"კანონპროექტს ორი მიზანი აქვს,-დავუახლოვდეთ ევრო დირექტივას ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების ფარგლებში და გავაკეთოთ აპლიკაცია საერთო საგადახდო სისტემის SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანებისთვის",-განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც პროექტში აისახა, ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და ლიცენზირების მოთხოვნებს და პროცედურებს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის  და მნიშნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს ეხება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს კრიტერიუმი, რომელიც საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან (PSD2) ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას გულისხმობს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება საგადახდო მომსახურების მიწოდებისას ჩართული მხარეების მაქსიმალურად დაცვის თვალსაზრისით და უფრო დეტალურად წესრიგდება მათ შორის ურთიერთობები. ასევე, უმჯობესდება საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობის და კონკურენციის ხელშეწყობის საკითხების რეგულირება. დამატებით, კანონის დებულებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ეროვნული ბანკი აღიჭურვება რიგი უფლებამოსილებებით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა.