ფოტო: crast.net
ფინანსები
26/09/2022

სამივლინებო ხარჯების ლიმიტი იზრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით სამივლინებო ხარჯების ლიმიტი იზრდება. ცვლილება შესაბამის დადგენილებაში შევიდა. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ცვლილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. 

მისი ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა გაორმაგდება და 15 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, საშუალოდ 37%-იანი ზრდა იქნება. 

"ქვეყნის გარეთ მივლინებების შემთხვევაში ყველა ქვეყანა დაკორექტირდება, ის ერთიან სტანდარტთან იქნება შესაბამისობაში, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც იქნება გათვალისწინებული. ქვეყნების მიმართულებით, საშუალოდ 37%-იანი ზრდა იქნება, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, იმის გათვალისწინებით, რა ოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში.

დღიურ ნორმებთან მიმართებაში, ქვეყნის გარეთ ძირითადად სამი კატეგორია იქნება - 45 დოლარის, 60 და 75 დოლარის ოდენობით, იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაჩი რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით. 

ასევე გადაიხედება სასტუმროს ნორმები, რომელიც ზრდის მიმართულებით დაკორექტირდება.

კერძო სექტორთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებშ არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადი", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

 

Businesspartner