ფინანსები
23/09/2022

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა

სებ-მა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილები ძირითადად გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობის მიზნით განხორციელდა. ასევე, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგისტრაციისა და ფუნქციონირების საკითხების მოწესრიგების/დარეგულირების საჭიროებით არის განპირობებული.

ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმის შესაძლებლობას სთავაზობს და განსაზღვრავს მისი რეგისტრაციის მოთხოვნებს, რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს.

პლატფორმა იქნება მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ შეინახავს და არც სესხის გამცემი ორგანიზაციები მიაწვდიან სავალდებულო წესით შესაბამის ინფორმაციას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პლატფორმა უფლებამოსილია პირის თანხმობის შემთხვევაში, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მიიღოს, დაამუშაოს და მესამე პირს გადასცეს ამავე პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაცია ან/და სხვა რელევანტური მონაცემი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული წესით პლატფორმის მიმართ განისაზღვრა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან განსხვავებული/გამარტივებული სარეგისტრაციო მოთხოვნები.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს შესაბამისი განაცხადების მიღებას პლატფორმად დარეგისტრირების მსურველ პირთათვის და სათანადო ინოვაციური პროექტების განაცხადებს განიხილავს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.