ფინანსები
16/02/2023

საქართველოში მიწისძვრისგან უძრავი ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა უკიდურესად დაბალია

რამდენად ხშირად აზღვევენ საქართველოში უძრავ ქონებას მიწისძვრისგან და როგორია შესაბამისი სადაზღვევო პაკეტების პირობები. გაიზარდა თუ არა ამ პროდუქტის მიმართ ინტერესი თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ?

კომპანიებში ამბობენ, რომ ამ კუთხით მომხმარებლის აქტიურობა ტრადიციულად ძალიან დაბალია და ეს ტენდენცია არც სირიასა და თურქეთში მომხდარი კატასტროფის შემდეგ შეცვლიილა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განუცხადეს, ბოლო დღეებში მიწისძვრისგან დაზღვევის საკითხებზე რამდენიმე ზარი შევიდა, ძირითადად უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან. თუმცა ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა არ ყოფილა.  ზოგადად, მათი თქმით, მიწისძვრისგან დაზღვევაზე მოთხოვნა ძალიან,უკიდურესად დაბალია და აქედან გამომდინარე, ბაზრის ამ სეგმენტის ზრდაზეც ვერ ისაუბრებენ. თუმცა კომპანია აპირებს ამ კუთხით გააქტიურებას და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიის დაწყებასაც.

რაც შეეხება უძრავი ქონების დაზღვევის პირობებს, „ჯიპიაის“ მონაცემებით, მათ აქვთ ბინის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი „პოლისი კომფორტი“, სადაც მიწისძვრის რისკი არ შედის. ამ რისკის დასაზღვევად მოქმედებს ცალკე პაკეტი - ფიზიკური პირის ქონების დაზღვევა, რაც „კომფორტის“ პირობებსაც მოიცავს და ასევე კონსტრუქციას აზღვევს სტიქიური უბედურებისგან, მათ შორის მიწისძვრისგან. ამ შემთხვევაში მოქმედებს 2%-იანი ფრანშიზა, დაზღვევა ანაზღაურდება 4 მაგნიტუდაზე მეტი მიწისძვრის შემთხვევაში.

დაზღვევა ფარავს სახლების, ბინების, აგარაკების კონსტრუქციულ ელემენტებს.

მიწისძვრის გარდა, ეს პოლისი ფარავს შემდეგ რისკებს: ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, სეტყვა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის აწევა ან დაწევა, თოვლის სიმძიმით გამოწვეული ფიზიკური ზიანი, ძლიერი ქარი. პაკეტის ღირებულება სახლის ფართობზე და სხვა კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. საშუალოდ, მაგალითად $100 000-იანი  სახლის შემთხვევაში ეს დაზღვევა წლიურად $210 ღირს, $250 000-იანის შემთხვევაში (მაგალითად, კერძო სახლი) 450 დოლარი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დაზღვევის პაკეტის რეალიზაციის ზრდაზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ხანძრები, „კომფორტის“ შემთხვევაში კი - რემონტის სეზონი.

მსგავსი შეთავაზებები სხვა კომპანიებსაც აქვთ. როგორც წესი, სტანდარტული დაზღვევა მოიცავს ისეთ რისკებს, როგორიცაა მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა, კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის დაზიანება, გათბობის სისტემის ან ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება, ქურდობა,  წყალდიდობა და ა.შ. დამატებითი რისკების დაზღვევა კი მომხმარებელს დამატებითი პაკეტის შეძენით შეუძლია, მათ შორის - ისეთის, რომელიც მიწისძვრას და სხვა სტიქიურ მოვლენებს ფარავს. ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში სტანდარტული პაკეტით გათვალისწინებული რისკებიც იფარება.

ბოლო, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ქონების დაზღვევის ნაწილში მიზიდული პრემიის მოცულობამ 118,5 მლნ. ლარი შეადგინა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 108.3 მილიონი იყო. 2022 წლის მონაცემები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია. 

 

Businesspartner