საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევა 620 408 ადამიანს აქვს
საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს.დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, სულ გაცემულია 620 408 პოლისი, რაც 17 575-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.
ამასთან, 2020 წლის 31 დეკმებრის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 267,6 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 74,29 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 28% დაიკავა.ხუთეულში შედიან - „იმედი L“-ი (61.80 მლნ.ლარი);“არდი“ (39.12 მლნ.ლარი);„პსპ“ (18,10 მლნ ლარი);“ირაო“ (16.89 მლნ.ლარი).
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.2020 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 667,3 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 915,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 279,1 მილიონ ლარს.