საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.96 მლრდ-მდე შემცირდა
აგვისტო-სექტემბრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ოქტომბერში შემცირებულია.
სებ-ის მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით რეზერვები თითქმის 118 მლნ დოლარით 3.96 მლრდ დოლარამდე შემცირდა, ზრდაა წლიურ ჭრილში 182 მლნ დოლარით.
მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.47 მლრდ-ია.
პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 333 მლნ დოლარი აქვს გაყიდული, აქედან 60 მლნ სექტემბრის ბოლოს, მას შემდეგ სებ-ი სავალუტო ბაზარზე პასიურობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ IMF-ისგან $286 მლნ-ის (202 მლნ SDR) სარეზერვო აქტივი სექტემბერში მიიღო. მაშინ სებ-მა განმარტა, რომ SDR-ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს და ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ $916 მლნ დოლარი მიაწოდა.