ფინანსები
24/06/2021

“საქართველოს რკინიგზა“ ევროობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს “მწვანე პროექტებისკენ“ მიმართავს

„საქართველოს რკინიგზა“ ევროობლიგაციებით მოზიდული სახსრების ტოლ თანხებს „მწვანე პროექტებისკენ“ მიმართავს.

კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განმარტებით, შემუშავებულია ჩარჩო, რის ფარგლებშიც მოხდება  თანხების ალოკაცია. გაწერილია 6 წლიანი გეგმა, რა ვადაშიც უნდა გადანაწილდეს 500 მლნ დოლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს მოხმარდება.

„რკინიგზა არის სრულად ელექტროფიცირებული, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაყვანები. ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური გავლენა გარემოზე ფაქტობრივად კომპანიას არ გააჩნია. დღეს რომ არის საუბრები  ელექტომობილებსა და  ეკოტრანსპორტზე, ჩვენ „საქართველოს რკინიგზის“ სახით, უკვე 50 წელია ეკოტრანსპორტით ვსარგებლობთ. ნებისმიერი ხარჯი: ელექტროენერგიის შეძენა, კაპიტალური დანახარჯები, ვაგონების, ელექტრომატარებლების შეძენა/ რემონტი,  შეგვიძლია შევიტანოთ მწვანე დაფინანსების ხარჯებში. მოზიდული სახსრებიდან  ყველაზე დიდი კომპონენტი მოდერნიზაციის პროექტზე მიემართება,რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო,  ხორციელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, არის პატარ-პატარა ხარჯები, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც მწვანე ხარჯები“, - აცხადებს   „საქართველოს რკინიგზის“  ფინანსური დირექტორი  ირაკლი ტიტვინიძე.

მისი თქმით, ბონდების რეფინანსირებით  კომპანიამ საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღო.თუ წინა ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 7.75%- ი იყო, ახალი ბონდები 4%-ად განთავსდა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიაა,  თუ ტვირთებში გადავთარგნით.  ამ ტრანზაქციით წელიწადში დამატებით დაახლოებით 2 მლნ ტონა ტვირთი მოვიზიდეთ“, - ამბობს ირაკლი ტიტვინიძე.

Businesspartner