ფინანსები
04/10/2023

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ოქტომბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ოქტომბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • 2023 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.
  • საქართველოში დაბალ ინფლაციას მსოფლიო ბაზარზე საქონლის და ტრანსპორტირების ფასების შედარებითი სტაბილურობა, ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.
  • ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და 5.3%-ს შეადგენს.
  • ბოლო პერიოდში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა სექტემბრის ინფლაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მოსალოდნელია, რომ დანარჩენი ზრდა ოქტომბრის ინფლაციაზე აისახება, თუმცა ჯამური ინფლაცია კვალავაც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე.

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.6%-ით გაიზარდა.
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით შემცირდა და 49.7%-ს შეადგენს.
  • აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.9%-ს გაუტოლდა.

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 4.8%-ით გაიზარდა.
  • აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 0.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

Businesspartner