ფინანსები
06/10/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 6 ოქტომბერს თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმში წარმოდგენილია ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები - ამბები დასაბამიდან დღემდე. მათ შორის, საინტერესო ექსპონატები, ინფორმაციული და ვიზუალური მასალები ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტებზე, მის დამფუძნებლებსა და პრეზიდენტებზე, ოლიმპიურ სიმბოლოებსა და ცერემონიებზე, კონტინენტურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე.

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების, პრიზიორების და ოლიმპიური რეკორდსმენების შესახებ.

მუზეუმთან ერთად ასევე გაიხსნა ბიბლიოთეკაც, რომელიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ქართული სპორტის მიღწევებს, ოლიმპიადების გამარჯვებულების ისტორიას, მათ მიერ მოპოვებულ ჯილდოებს. ამასთან, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში გაიმართება საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები და საიუბილეო ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მათში სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას.

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორები ვართ. გვახარებს, რომ ჩვენი  წვლილიც არის ოლიმპიური მუზეუმის და ბიბლიოთეკის გახსნაში. ოლიმპიური მუზეუმი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ქართული სპორტის ისტორიას, იამაყონ გამოჩენილი სპორტსმენებით და რაც მთავარია, აიმაღლონ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.

Businesspartner