საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია
საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ეს თანამდებობა დავით დავითაშვილმა დაიკავა, რომელიც მონაცემთა ანალიზის მიმართულებას უხელმძღვანელებს. აქამდე დავით დავითაშვილი ბანკში ოპერაციული დირექტორის მოადგილე იყო აქტივების მართვის და ოპერაციული მხარდაჭერის მიმართულებით.
დავით დავითაშვილი ბანკს 2006 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ის სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის, 2009 წლიდან 2017 წლამდე ის იყო შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, 2017 წლიდან კი ოპერაციული დირექტორის მოადგილე აქტივების მართვის და ოპერაციული მხარდაჭერის მიმართულებით. დავით დავითაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის მიმართულებით, Executive MBA-ის ხარისხი კი მან Bayes Business School (ყოფილი Cass Business School) მიიღო.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ბანკში განხორციელდა, ეხება ლევან კობახიძეს. ის ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრი გახდა.
ლევან კობახიძე საქართველოს ბანკს 2018 წელს შემოუერთდა სტარტაპების მიმართულების ხელმძღვანელად. 2019 წელს კი მან ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ბანკში მოსვლამდე ლევანს წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებში. მათ შორის, სატელეკომუნიკაციო კომპანიაში ის იყო ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი. ასევე, მუშაობდა ვენჩორულ კომპანიაში, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა სტარტაპებს მართავდა, სადაც ის იკავებდა ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის პოსტს. ლევანი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს. მას ასევე აქვს მიღებული განათლება ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში და არის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის, გლობალური სტრატეგიისა და ლიდერობის მაგისტრი.
„მოხარული ვარ, რომ მონაცემთა ანალიზის მიმართულებას დავით დავითაშვილი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდან უხელმძღვანელებს. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ თანამდებობებზე და მათ შორის, საქართველოს ბანკში. დავითს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ბანკისა და მისი თანამშრომლების განვითარებაში. მე მჯერა, რომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს მონაცემთა ანალიტიკის ფუნქციას და გამოავლენს მეტ ახალ შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ამ მიმართულებით ბანკში არსებული გუნდები. ასევე მოხარული ვარ, რომ ლევან კობახიძე, ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გახდა ჩვენი მენეჯმენტის გუნდის წევრი. ლევანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკის ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიაღწია შესანიშნავ შედეგებს გუნდთან ერთად. სწორედ მათთან ერთად გააგრძელებს ის ციფრულ ფრონტზე, ამ საკვანძო როლის შესრულებას ”,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.