ფინანსები
01/10/2021

"საქართველოს ბანკი" საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი გახდა

საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი "საქართველოს ბანკი" გახდა.

სააგენტომ ბანკთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რაც სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება განახორციელოს.

სპეციალიზირებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვა-შენახვას. ის მონიტორინგს გაუწევს საოპერაციო პროცესებს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩვენი საინვესტიციო ინფრასტუქტურის ფორმირებისთვის. სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურება არის კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მონაწილეების ინტერესების დაცვას, რათა დანაზოგების დაცულობითა და საინვესტიციო რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო აქტივების მართვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი“ განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიერ რუსსომ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით „სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე სქემაში გაწევრიანებული მილიონზე მეტი მონაწილისთვის. დეპოზიტარი რისკის მართვის ჩარჩოს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი დახმარებით სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის არეალი უფრო გაფართოვდება, რაც საბოლოო ჯამში მონაწილეების ინტერესს ემსახურება“.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და შედეგად დღეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურსა და საქართველოს ბანკს შორის ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებას.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მაღალი სტანდარტებით განვახორციელოთ საპენსიო სააგენტოს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ შენახვა და მათთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

სპეციალიზირებული დეპოზიტარის საქმიანობას სებ-ი არეგულირებს, ლიცენზია კი საქართველოს ბანკმა 2020 წელს მოიპოვა.

სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად Central Depository of Armenia OJSC და “თიბისი ბანკი” იღებდა მონაწილეობას.