"საქართველო კრიპტო მიმართულებით რეგიონში მოწინავე ადგილზეა“
"სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა Binance, WhiteBIT და სხვა კომპანიები, დაინტერესებული არიან ისეთი ქვეყნების შემჩნევით, როგორიც საქართველოა,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ "კრიპტო ბირჟის“ დამფუძნებელმა, ავთანდილ კუჭავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კრიპტო სექტორი საკმაოდ რეგულირებულია და ამ მიმართულებით ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ინდოეთია, რომელიც როგორც კონკურენციის, ასევე საგადასახადო ნაწილში ევროკავშირიდან პოლიტიკის წაღებას, ან თავისი ინიციატივებისა და ხედვების წარდგენას ცდილობს.
"ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 250-ზე მეტი მომხმარებელი (იუზერი) ჰყავს, რაც ჩემი აზრით მცდარი მაჩვენებელია. ვინაიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც თავისი ოჯახის წევრებიც დარეგისტრირებული ჰყავს. აქედან გამომდინარე, ერთ ადამიანზე შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიში იყოს გახსნილი.
მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა რეგიონში მოწინავე ადგილზეა და კერძო სექტორის გადმოსახედიდან, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სწრაფად განვითარდა,"-აცხადებს კუჭავა.
რაც შეეხება გამოწვევებს, კუჭავა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიდან რეგულაციების ზუსტად გადმოტანა საქართველოსთვის მუდმივი პრობლემაა.
მისივე ცნობით, ქვეყანას აქვს დიაპაზონი, რომელშიც საქართველოს შეუძლია აშშ-სა და ევროკავშირს პირობები დაუწესოს, თუ როგორ დაარეგულირებს ამათუიმ საკითხს.
ამასთან, როგორც „კრიპტო ბირჟის“ დამფუძნებელი განმარტავს, პრობლემაა თავად კანონმდებლობის შინაარსის გაგებაც, რისთვისაც საკითხზე კომპეტენტურ ადამიანებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლაა საჭირო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დიდი ოცეულის (G20) რიგით მე-18 სამიტი გაიმართა, სადაც მსოფლიო ლიდერებს შორის განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც ქვეყნებს შორის მოხდება, ავტომატურად გაზიარდეს.