ფინანსები
03/11/2023

საქართველო 2024 წელს ADB-ის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას პირველად უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს, რომელთა შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და კომისიის წევრებს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.

მთავრობის მეთაურმა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა. საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-ამდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის − აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების, ისე განხორციელებულ რეფორმათა წარმოჩენის მიმართულებით.

Businesspartner