"საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტიანი გახდება"
საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღება, ეკონომიკის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ნათია თურნავა აცხადებს, საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა და იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული საპენსიო დანაზოგები.
მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა.
საპნესიო სქემაში დღესდღეობით ერთ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ყოველთვიურად 12 ათასამდე ახალი ბენეფიციარი ემატება.
„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი მთავარი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები. დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.