ფინანსები
23/09/2020

საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი 19 ოქტომბრიდან ამოქმედდება

საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი 19 ოქტომბრიდან ამოქმედდება, - ეროვნულმა ბანკმა რეესტრის წარმოების კონკრეტული წესი და პირობები უკვე განსაზღვრა.

წესი შემუშავებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის საფუძველზე. 

როგორც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია მითითებული, რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი, მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე.

აქტივების მმართველს უფლება აქვს რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირება განახორციელოს მხოლოდ სხვა აქტივების მმართველ კომპანიაზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.

აქტივების მმართველი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული რეესტრის სისრულეზე, სისწორესა და უსაფრთხოებაზე.

ამავდროულად აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს რეესტრის წარმოება საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი კანონმდებლობის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით.

რეესტრში უნდა აისახოს აქტივების მმართველის მონაცემები; საინვესტიციო ფონდის დასახელება და ტიპი, სტრუქტურა, სამართლებრივი ფორმა და სხვა.

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიზანი საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებაა, კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვაა.

საინვესტიცი ფონდების შესახებ კანონთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარების სამი ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის საბანკო, საინვესტიციო ფონდები და საფონდო ბირჟა, თუმცა ქართულ რეალობაში საერთაშორისო სტანდარტებს განვითარების დონით რეალურად საბანკო სექტორი პასუხობს. რაც შეეხება საინვესტიციო ფონდებს და კომპანიებს, ისინი ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალურად მოქმედებენ, რადგან აქამდე მათი მარეგულირებელი სრულყოფილი კანონმდებლობა არც არსებობდა. 

კანონი ვრცელდება საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.