საგარეო: აშშ-ს საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის დაფინანსება უმაღლეს ნიშნულზეა - $132 მლნ-ზე მეტი
აშშ-ს საბიუჯეტო კანონში შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 წლის 9 მარტს გაასაჯაროვა, რომელსაც კონკგრესი უახლოეს დღეებში კენჭს უყრის.
"ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2017 წლიდან მოიცავს ცალკე ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის მხრიდან, ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი რომელიც ადასტურებს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 295 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.
ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ს საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.