ფინანსები
13/01/2021

საფონდო ბირჟა 2,365 მლრდ-იანი კაპიტალიზაციით - რატომ იყო პანდემიური წელი ისტორიული ბაზრისთვის

ისტორიული წელი - ასე შეიძლება შეფასდეს პანდემიური 2020 წელი საქართველოს საფონდო ბირჟის საქმიანობისთვის.

2008 წლის შემდეგ პირველად, 2020 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) მოხდა.

საჯარო სავაჭრო სივრცეში აქციები 2-მა კომპანიამ განათავსა: "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“ და "გრინ დაზღვევა საქართველომ". თურქი ბიზნესმენის „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალი ამ 2 კომპანიის B კლასის აქციები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში ჩაეშვა.

2020 წელს, საქართველოში პირველად განხორციელდა დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება და ბირჟაზე განთავსება. „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების გადაცვლა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების მეშვეობით შესაძლებელია „სილქნეტის“ მიერ უცხოეთში გამოშვებულ მათსავე ევროობლიგაციებში და პირიქით.

გასულ წელს ბირჟა 10-მა კომპანიამ დატოვა.

რაც შეეხება ბირჟაზე აქტივობას. წინა წლების მსგავსად, ძირითადი აქტივობა ე.წ „ფიქსინგის“ გზით დადებულ გარიგებებზე მოდიოდა. საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, წლის განმავლობაში მხოლოდ 48 გარიგება დაიდო. 91 086 ფასიან ქაღალდზე დადებული გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 46 135 ლარი შეადგინა. გარიგებები დაიდო „ლიბერთი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ და „თელასის“ აქციებზე

ე.წ ფიქსინგით 24 გარიგება ლარში გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე. 5 027 539 ფასიანი ქაღალდზე გაფორმებულმა ღირებულებამ 24 136 944.76 ლარი შეადგინა.

დოლარში 115 გარიგება დაიდო, 8148 ფასიან ქაღალდზე ღირებულება 8 662 202.99 დოლარი იყო (28,382,574 ლარი)

ჯამში, „ფიქსინგით“ და სავაჭრო სესიებზე 52,565,654 ლარის ღირებულების გარიგებები დაიდო (31 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით).

2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა.

 

 

Businesspartner