საფინანსო კომიტეტმა მედიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვს. საკანონმდებლო ორგანოში "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი.
კანონპროექტი ითვალისწინებს, ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებლების მოგების გადასახადისგან 3 წლით გათავისუფლებას, რომელსაც ისინი სარეკლამო მომსახურების გაწევის შედეგად მიიღებენ. ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელი მაუწყებლები და ბეჭვდითი აბ/და ელექტრონული ჟურნალგაზეთები კი, 6 წლის ვადით გათავისუფლდებიან.
ამასთან, პროექტის თანახმად, ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლები იგივე 3 და 6 წლის ვადით დღგ-ს გადასახადისგანაც გათავისუფლდებიან. დღგ-ს გადასახადისგან მუდმივად გათავისუფლდება ჟურნალ-გაზეთების გამოცემა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მედიისთვის შეღავათიანი საგადასახადო სისტემა გაცილებით უკეთესი ეკონომიკური მონაცემების მქონე ქვეყნებსაც აქვთ, ისეთი როგორიცაა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ცვლილება 2024 წლიდან ამოქმედდეს.
"ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ცვლილებებზე ადაპტირდეს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, საერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, არასახარბიელოდ გამოიყურება ქართული მედიის ფინანსური მდგომარეობაც.
"ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუ 2014 წელს საქართველოში მოქმედი სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი მაუწყებლობიდან 94.6 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 108.6 მილიონ ლარამდე, ანუ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 14 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა, ეს მცირე ზრდაც კი მოჩვენებითია. სინამდვილეში სახეზეა შემოსავლების მკვეთრი შემცირება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ვალუტის კურსის მკვეთრი გაუარესებაა",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
განმარტებით ბარათში წერია, რომ 2020 წელს საქართველოს ყველა მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა ჯამურმა თანხამ 37.5 მლნ ლარი შეადგინა. ეს მოიცავს ყველა სახის გადასახადს - საშემოსავლო და მოგების გადასახადების, დღგ-ს, აქციზის, იმპორტის გადასახადის, ქონების გადასახადის, სასოფლო-არასასოფლო მიწის გადასახადის ჩათვლით. იმ სუბიექტების მიერ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადები, რომელთაც ეხებათ წარმოდგენილი კანონპროექტი, ჯამში არის 24 935 499 ლარი.
საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა.
"უარყოფითი დასკვნის საფუძველია ერთის მხრივ ის, რომ ბიუჯეტის შემოსავლები დაიკლებს. მეორეს მხრივ, მთავრობას მიზანშეუწლონლად მიაჩნია ცალკეული სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება.
მოგების გადასახადით დაბეგვრა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხდება მოგების განაწილება, ნებისმიერი სახის რეინვესტირება. მოგების გადასახადში დამატებითი შეღავათის დაწესება დაუსაბუთებლად მიგვაჩნია.
რაც შეეხება დღგ-ს, ეს არის მომხმარებლის გადასახადი, სუბიექტები, რომლებიც უკვეთავენ რეკლამას ტელევიზიებს, დღგ-ს გადამხდელები არიან, და ამ დღგ-ს პრინციპებიდან გამომდინარე, ისინი ითვლიან მათ მიერ გადახდილ გადასახადს და ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში დღგ-ს გაუქმება სწორ დაბეგვრის სისტემამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა.